close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ახალი ამბები

  • 25 ianvars 2019

    27 იანვარს, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკის აუშვიც-ბირკენაუს განთავისუფლების წლისთავზე, ავღნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს.

    აუშვიც-ბირკენაუს  საკონცენტრაციო ბანაკი ჰოლოკოსტის  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ ითვლება.  სხვა მრავალ  საფლავთან, ძეგლთან და მემორიალთან ერთად,  მიმოფანტულს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ის სასტიკი დანაშაულის მოგონებად და  პატივის მიგების ნიშნად რჩება.

     

    1940 წლის 14 ივნისს აუშვიცში პოლიტპატიმრების პირველი მატარებელი  შემოვიდა. აქ ჩამოიყვანეს პოლონელი პოლიტპატიმრები, რომელთა გადაყვანა აუშვიცში, განპირობებული იყო ბოლშევიკების მიერ მასობრივი დაპატიმრებების და ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე ციხეების გადატვირთულობის გამო.

     

    ორი წლის შემდეგ, აუშვიცი ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა  "Endlösung der Judenfrage" (ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა) - სადაც უნდა განხორციელებულიყო გერმანელების სასტიკი გეგმა - ნაცისტური გერმანიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ებრაელების მასობრივი განადგურება.

     

    აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში განადგურებულ იქნა 1-1.5 მილიონი ადამიანი. ბევრი მათგანი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე იყო. ტერორი სუფევდა ასობით სხვა საკონცენტრაციო ბანაკშიც, როგორც გერმანიის ასევე მოკავშირე ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  გეტოებში და ევროპის ქალაქების და სოფლების ქუჩებში, სადაც ათასობით ადამიანის სიკვდილით დასჯა სრულდებოდა.  დადგინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს 6 მილიონი ებრაელი დაიღუპა.

     

    აუშვიც-ბირკენაუს ბანაკი განთავისუფლდა 1945 წლის 27 იანვარს წითელი არმიის პოლონეთის ოკუპირებული ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ.

     

    კაცობრიობის ისტორიაში მილიონობით ებრაელის განადგურება სამარცხვინო ფაქტად რჩება. ასეთი საშინელი ტრაგედიის შემდეგ, კაცობრიობისადმი   რწმენა  გვიბრუნდება იმ ადამიანების წყალობით, რომლებმაც ასობით ებრაელი ჰოლოკოსტისგან  იხსნეს - მათ შორის პოლონელებიც იყვნენ.

     

    მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დევნილობაში მყოფი პოლონეთის მთავრობა  და ათასობით ჩვენი თანამემამულე  სოლიდარობის გამო ჩართული იყო ებრაელების გადარჩენის საქმეში.  უნდა აღინიშნოს, რომ  გერმანელების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ებრაელებისთვის დახმარების გაწევისთვის მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. პოლონელები წარმოადგენენ ხალხის უდიდეს ჯგუფს, ვისაც მიენიჭა წოდება  „მართალი ერებს შორის“ , დაწესებული ისრაელის იად ვაშემის ინსტიტუტის მიერ.

     

    პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის დელეგატურასთან  ფუნქციონირებდა ებრაელთა დახმარების საბჭო ე.წ.  "ჟეგოტა", რომელიც ოკუპირებულ ევროპაში ერთადერთი ორგანიზაცია იყო,  შექმნილი  ებრაელების გადასარჩენად.  

     

    ასევე პოლონელმა დიპლომატებმაც დიდი წვლილი შეიტანეს  ებრაელების გადარჩენის საქმეში.  ე.წ. ლადოსის ჯგუფის საქმიანობის წყალობით 1942-1943 წლებში მოხერხდა რამოდენიმე ასეული ებრაელის გადარჩენა  ჰოლანდიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, სლოვაკეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში.  

    Print Print Share: