close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • პოლონეთის დახმარების პროგრამა

  • პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები

    პოლონური დახმარება კონცენტრირებულია ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა: განათლება და მეცნიერება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერება, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა და სხვა. 2005 წლიდან პრიორიტეტულ სახელმწიფოებს შორის შევიდა საქართველო და პოლონური დახმარების ერთ-ერთი ბენეფიციარი გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პოლონეთის აქტიური დახმარება სხვადასხვა სფეროებში: კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, სამხედრო, რეგიონული განვითარების სფეროში და სხვა.

    2005 წლისათვის საქართველოში პრიორიტეტულად განისაზღვრა ადგილობრივი თვითმართველობისა და ადმინისტრაციის დახმარება; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; პრესის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა: „თანაბარი სტატუსი - უფრო მეტი დემოკრატიის შანსი“; ქალის  სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მექანიზმების მხარდაჭერის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია SRGG-ს (მინიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ასოციაცია) - პროექტი: ურბანული დაგეგმარების ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ.  საერთო ჯამში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოტაციამ 2005 წლისათვის შეადგინა 431.882 ზლოტი.

    2009 წლისათვის პოლონეთის საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა დაახლოებით 200-მდე პროექტი. აქედან 30-მდე პროექტი საქართველოსა და პოლონეთს შორის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. სწროედ პოლონურ-ქართული ურთიერთთანამშრომლობის შედეგია წარმატებით განხორციელებული პროგრამები განათლების, ბავშვთა ზრუნვის სისტემის, სოფლის მეურნეობის, ტყის, ურბანული და სასოფლო ტერიტორიების განვითარების, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების სფეროში. ის პროექტები, რომელიც ფინანსდება პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში, არის პოლონურ-ქართული ურთიერთობების ერთი-ერთი შემადგენელი ნაწილი.

    2008 წელს საქართველოში სოციალურ-საგანმანათლებლო ასოციაცია „ედუკატორმა“ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც გახლდათ ალტერნატიული სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა. სკოლამდელი განათლება განსაზღვრავს მომავალში ბავშვების საგანმანათლებლო და წარმატებულ ცხოვრებას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრებ ბავშვებს 3-6 წლამდე ხელი არ მიუწვდებათ ასეთი ტიპის განათლებაზე, პრიორიტეტულად ჩაითვალა ამ კუთხით პროექტის განხორციელება. პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა 12-მდე ალტერნატიული სკოლამდელი განათლების ჯგუფი.

    ჰელსინკის ადამიანის უფლებების დაცვის ფონდის (პოლონეთი) ექსპერტების საქართველოში ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას ბავშვთა ფსიქიატრია. გაირკვა, რომ საქართველოში არ არსებობდა ბავშვთა სპეციალური ფსიქიატრიული ცენტრები და არსებულ დაწესებულებაში ფსიქიკურად დაავადებული ბავშები იმყოფებოდნენ გონებრივად შეზღუდული, ეპილეფსიით დაავადებული ბავშების გვერდით. გაჩნდა იდეა ახალი პროექტის განხორციელებისა, რომლის მთავარი მიზანი ფსიქიკურად დაავადებული და გონებრივად შეზღუდული ბავშების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა იყო.

    ქალთა კოლონიაში ანტინარკოტიკული პრევენციული ღონისძიებებისა და არსებული მეთოდოლოგიის განვითარების მიზნით განხორციელდა პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ქალთა კლუბ ფეონის ერთობლივი მუშაობის შედეგად. პოლონეთის საელჩომ საქართველოს ანტი-ძალადობრივ ქსელთან ერთად განახორციელა პროექტი მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგის, პროსტიტუციის მსხვერპლთათვის და ასევე, ყოფილი პატიმარი ქალების,  ალკოჰოლიკებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისათვის. პოლონური დახმარების ფარგლებში დაფინანსდა პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ისეთი სოციალური ინსტიტუტების განვითარებას, რომელთა საქმიანობაც ემსახურება კრიზისში მყოფი ოჯახებისა და ბავშების სისტემატიურ მხარდაჭერას. პროექტი განხორციელდა  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის დახმარებით.

    საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის, მიმართულია იმ ბავშვთა ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ, რომლებიც იმყოფებიან დროებით საცხოვრებლებში. მთავარი მიზანია, ბავშვებს შეუქმნას მყუდრო, ოჯახური ტიპის გარემო. ამ პროექტის განხორციელებაზე პატრონაჟი, საქართველოში ვიზიტის დროს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლემ, ქალბატონმა ანა კომოროვსკამ აიღო. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საქართველოში არსებული დიდი სოციალური ინსტიტუტების ტრანსფორმაციასა და საქართველოში  “პოლონური მოდელის” შემოღებას, რაც გულისხმობს 8-10 ბავშიანი ოჯახური ტიპის პატარა ბავშვთა სახლების მოწყობას.

    ერთ-ერთ საინტერესო პროექტი კულტურულ სფეროში გახლდათ ნიქოზის სამონასტრო კომპლექსში, 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული ანიმაციური სტუდიის აღდგენა. მონასტერი საგანმანათლებლო ცენტრი და ადგილობრივი ოსი თუ ქართველი ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი გახლდათ. პროექტი დაფინანსდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონური დახმარების პროგრამის ფარგლებში.

    პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოს უსინათლოთა კავშირთან ერთად შეიმუშავა და განახორციელა პროექტი, რომელიც ემსახურება უსინათლოებში განათლების ხელშეყობას. ამ მიზნით, ძალიან ბევრი საინტერესო ნოველა და სხვადასხვა სახელმძღვანელო ჩაიწერა სპეციალურად უსინათლო-თათვის, ასევე განახლდა უკვე არსებული ძველი ჩანაწერების ხარისხიც.

    რეგიონული განვითარების მხრივ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ CEGSTAR-თან ერთად, პოლონური დახმარების პროგრამის ფარგლებში განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის მხარდამჭერი პროექტი 2008-2009 წლებისათვის. კომისია შეიქმნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მას შემდეგ, რაც 2008 წლის მაისში ევროკომისიამ სქართველოს მთავრობას შესთავაზა ახალი ინიციატივა რეგიონული განვითარების კომისიის შექმნის შესახებ.

              რეგიონული განვითარების კომისიის ძირითადი მიზანი გახლდათ რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის და რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მთავრობისათვის, რომელთა რეალიზაციაც აამაღლებდა საქარ-თველოს კონკურენტუნარიანობას და საბოლოო ჯამში საქართველოს დაახლოვებას ევროკავშრთან. კომისიას  დაევალა შეექმნა დიაგნოსტიკური მოხსენება რეგიონული განვითარების კუთხით არსებული ვითარების შესახებ, შეემუშავებინა რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტი და რეკომენდაციები და მიეღო ძირითადი პროგრამული დოკუმენტები. აღნიშნული კომისიის ბიუჯეთის 23% დაფინანსდა „პოლონური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში.

    პოლონური დახმარების ფარგლებში ქალთა სამუშაო აქტივობის გაზრდის მიზნით, შეიქმნა არაერთი პროგრამა, რაც სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი სტრატეგიათაგანია. უმუშევრობა რეგიონებში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დღეს საქართველოსათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა მიაღწიეს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, მათი მდგომარეობა შრომის ბაზარზე მაინც უფრო რთულადაა, ვიდრე მამაკაცების.

    2008 წლიდან პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს მოხალისეთა პროგრამების. მოხალისეები პოლონეთიდან ჩამოვიდნენ სამედიცინო მისიით, რომლებმაც პროექტის ფარგლებში ფიზიკური თერაპია ჩაუტარეს უნარშეზღუდულ ბავშვებს, მოზარდებსა და უფროსებს, მოხალისეები მუშაობდნენ ასევე იძულებით გადადგილებულთა ბანაკებში მყოფ ბავშებთან. პოლონური დახმარების ფარგლებში ხორციელდება პროგრამები, სადაც მოხალისეებს აქტიური წვლილი შეაქვთ საქართველოს რიგ რეგიონებში ადგილობრივი NGO-ების სექტორის, სასოფლო ტურიზმის განვითარებაში.

    Print Print Share: